ქვემო ქართლი , ნაწილი II

ტალავერი, ხედი მინარეთიდან .
          
       ქვემო ქართლში ვიზიტის მეორე დღე გაცილებით უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა, ვიდრე პირველი.
          მეორე დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერს ვესტუმრეთ, რომელიც საქართველოს დიდი სოფლების სიაში შედის და იქ დაწყებული მეჩეთის მშენებლობის გამო, ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში.




გზა სოფლამდე
      ტალავერში მარნეულის გავლით მივდივართ. მარნეულამდე გზა ასფალტირებულია. მერე, რაც უფრო წინ მივიწევთ, ასფალტს ჯერ ადგილ-ადგილ გაჩენილი ორმოები, შემდეგ ხრეში და სულ ბოლოს დიდი, წყლით სავსე გუბეები ცვლის.
            თითქმის მთელ გზაზე გვხვდება მინდორს შეფენილი ცხვრის ახლადგაკრეჭილი ფარა. გზის ორივე მხარეს მიწის ნაკვეთებია, ზოგი სულ მთლად გაშავებული - ახალდამუშავებული, ზოგიც მოუვლელი.
           გზა ტალავერამდე ბოლნისის სოფლებზე გადის. გზის პირას ჩარიგებული სახლებს ორ კატეგორიად ვყოფ, ძალიან კარგები და ძალიან ცუდები და ჩემს აზრს მანქანაში მსხდომ ბიჭებს ვუზიარებ. ეცინებათ და ამბობენ, რომ ზოგადად სოფლებში ასეა, ან კარგად ცხოვრობენ, ან ცუდად.
არადა, ზოგი სახლი მართლაც ისეთი მოვლილი, ლამაზ ფერად შეღებილი,  კრიალა და მწვანეში ჩაფლულია და ისეთი ლამაზი ჭიშკარი აქვს, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს. ოღონდ, მერე გაცდები ცოტას და მეორე, დანგრევის პირას მისული სახლი გხვდება.
              თვალს ბევრი სახასიათო დეტალი ხვდება და ძნელია, ფოტოს გადაღების ცდუნებას გაუძლო. მაგრამ, ერთი პრობლემაა, მინის ჩაწევა საშიშია, გზა გუბეებითაა სავსე და ფოტოს გადასაღებად შენ რომც გაჩერდე, შემხვედრი მანქანა გაგწუწავს. შემხვედრი მანქანა კი საკმაოდ ბევრია, უმრავლესობა ძველებური მარკის და ისეთები, ძლივსღა რომ დადიან.
          უკვე  სოფლებში , გზის პირებზე სიმინდის ყანებიც გვხვდება. ზოგი სულ მთლად მწვანედ ბიბინებს, ზოგიც უკვე გამხმარია. მანქანაში მსხდომები მიხსნიან, რომ ეს იმიტომაა, რომ აქაურებს წელიწადში ორი მოსავალი მოჰყავთ.


           აქაურებს ბევრი ბატებიც ჰყავთ, - ამას შემხვედრი ბატების სიმრავლით ვხვდები. სოფელში ჩასვლამდე რამდენჯერმე გვიჭრიან გზას ჯარისკაცებივით, მწყობრში მიმავალი ბატები.  „რა დალაგებულად მიდიან და რატომ არსებობს გამოთქმა, ბატივით ნუ დადიხარ - უნებურად გვიჩნდება კითხვა და ვცდილობთ პასუხიც ვიპოვოთ, - „შუა გზაზე რომ უყვართ სიარული, ალბათ ამიტომ“.





სოფლის სახელწოდება

               მარნეულიდან 40 წუთიანი მგზავრობის მერე წარწერატალავერიგვხვდება და ვხვდებით, რომ სოფელში ვართ. სოფელსტალავერი” 90-იან წლებში დაერქვა. ეს ის პერიოდია, როცა ქვემო ქართლის 37 დასახლებული პუნქტის აზერბაიჯანული სახელწოდება ქართულით შეცვალეს. ტოპონიმების ცვლილება ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. ამაზე წინა დღესაც ბევრი ისაუბრეს. ამბობენ, რომ ცვლილების წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ როცა სახელწოდებას ცვლიან, მათ, როგორც იქ მცხოვრებ მოსახლეობას, სულ ცოტა, აზრი მაინც უნდა ჰკითხონ.
             სოფლის  ახალ სახელწოდებას ტალავერში მცხოვრებლები ვერ ეგუებიან და სოფელს დღემდე ფახრალს ეძახიან.

            
           „ФАХРАЛОასე აწერია რუსულად კავზის მარკის ძველ, თეთრ ავტობუსსაც, რომელსაც სოფელში მისვლამდე გზაში შევხვდით. მარკეტ ფახრალი“ აწერია ასევე რუსულად სოფელში არსებულ  მაღაზიასაც.
            სოფლის ახლანდელი სახელწოდება ეორედ პირველი საჯარო სკოლის  აბრაზე გვხვდება. თუმცა შეცდომებს აქაც ვპოულობთ: საქარველო განალებისა და მეცნიერების სამინისტრო.. - წერია სკოლის შესასვლელ კარზე.









შეჩერებული მშენებლობა

             ვიცით, რომ სოფელში გველოდებიან და სასუბრო ბევრი აქვთ. განსაკუთრებით მშენებარე მეჩეთის პრობლემა აწუხებთ და ამიტომ ჩვენც პირდაპირ იქით მივდივართ. 


მიუხედავად არაერთი სოციალური და ყოფითი პრობლემისა, მეჩეთის მშენებლობის დასრულება ახლა სოფლის მთავარი პრობლემ. ადგილობრივები მშენებარე მეჩეთის ეზოში არიან შეკრებილი, არც თუ ისე ცოტანი არიან, ოღონდ მხოლოდ მამაკაცები, მათთან ერთად მარტო ერთი ქალია, ვალიდა ხალილოვა. მეჩეთის ისტორიასაც მისგან ვიგებთ.  
მშენებარე მეჩეთი.
            XX საუკუნის დასაწყისში აგებული მინარეთი საბჭოთა კავშირის დროს, ქრისტიანული ეკლესიების მსგავსად, საქონლის სადგომად და სათავსოებად იქცა. წლების განმავლობაში სალოცავის კედლები ჩამოინგრა. 2009 წელს, ვალიდა ხალილოვას ინიციატივით, სოფელმა მისი აღდგენა გადაწყვიტა. რესტავრაცია სოფლის მკვიდრებმა საკუთარი სახსრებით დაიწყეს, თუმცა ვერ დაასრულეს. კარა მამედოვა, რომელიც საკრებულოში ამ სოფლის წარმომადგენელია, გვიხსნის, რომ მშენებლობის შეჩერების მიზეზი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრების ქმედება გახდა. იმ მიზეზით, რომ ქართულ მიწაზე მეჩეთის აშენების უფლება არ ჰქონდათ, მმკ-ს წევრებმა ადგილობრივებს მშენებლობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ვალიდა ხალილოვა ამბობს, რომ საეკლესიო სამოსელი ეცვათ და უთხრეს, რომ საპატრიარქოს ნებართვის გარეშე მშნებლობის გაგარძელების უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ დაემორჩილნენ და მშენებლობა შეაჩერეს.
        მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები სოფელში 5 თვის განმავლობაში მორიგეობდნენ. 5 თვის განმავლობაში იდგა მეჩეთთან ჯიპის მარკის ავტომანქანა, სადაც მუდამ იჯდა ორი ადამიანი.    
              მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთის მშენებლობას საპატრიარქოს ნებართვა არ სჭირდება, ადგილობრივებმა სხვადასხვა ინსტანციებთან ერთად ნებართვა საპატრიარქოსაც სთხოვეს. მიმდინარე წლის თებერვალში ტალავერის მცხოვრებლებმა საქართველოს პრეზიდენტს, კულტურის სამინისტროს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საპატრიარქოს წერილი მისწერეს და მეჩეთის მშნებლობის ნებართვა ითხოვეს.უცნაურია, მაგრამ წერილზე პასუხი მხოლოდ საპატრიარქოსგან მიიღეს.
              „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ საქართველოს საპატრიარქო არსოდეს ერევა მსგავს ქმედებებში და არ გააჩნია არანაირი პრეტენზია თქვენს სოფელში აღადგინოთ თქვენი სარწმუნოების სალოცავი. ნებისმიერი ქმედება სალოცავის აღდგენის წინააღმდეგობისა არ იქნება მოწონებული საპატრიარქოს მხრიდან. იგი ჩაითვლება პიროვნების თვითნებობად, - ნათქვამია ხოჯა ადილ ნაბიევის სახელზე გამოგზავნილ 12 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მამა მიქაელ ბოტკოველი აწერს ხელს.
            უცნაურია ისიც, რომ წერილის მიღება, რაც ადგილობროვებმა მშენებლობის ნებართვად ჩათვალეს, ჩვენს ვიზიტს დაემთხვა. და კიდევ, უფრო უცნაურია ის, რომ შეთანხმებისამებრ ერთ-ერთ ოჯახს ჩვენთვის სადილი უნდა გაემზადებინა, რა თქმა უნდა „გოუ ჯგუფის“ დაფინანსებით, სადაც ადგილობრივები თავიანთ პრობლემებზე მოგვიყვებოდნენ. თუმცა, ვიზიტის დღეს გავიგეთ, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ოჯახმა ჩვენ მასპინძლობაზე უარი თქვა.
        რაც შეეხება მეჩეთს, როგორ გაგრძელდება მოვლენები მეჩეთის ირგვლივ, არავინ იცის. ჩვენთან ერთად მისიაში ონლაინგამოცემა ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი დათო ყანჩაშვილიც იყო და როგორც მან გაარკვია, წერილი საპატრიარქოს არ გაუგზავნია. სხვა ინსტანციები დღემდე დუმან, ადგილობრივები კი კონფლიქტებს ერიდებიან და ოფიციალური ნებართვის მიღებამდე მხოლოდ კედლების დონემდე აშენებულ, გადაუხურავ მეჩეთში ლოცულობენ.

სოფლის პრობლემები
      მეჩეთის ნახვის შემდეგ, სოფლის დასათვალიერებლად მივდივართ. მეგზურობას ვალიდა ხალილოვა გვიწევს. სოფლის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის აზერბაჯანულენოვანი პლაკატებია. მსგავს პლაკატებს მამედოვების ოჯახშიც ვამჩნევთ და როცა ვეკითხებით რატომ აქვთ, დიასახლისი, თერლან მამედოვა, გვპასუხობს, ეს იმიტომ, რომ არ დაავიწყდეთ ხმა ვის უნდა მისცენ. 
თერლან მამედოვა. 
       ვალიდა ხალილოვას შემდეგ, იგი ყველაზე ენაწყლიანი მოსაუბრეა და გვიყვება, რომ 20 წლის გათხოვდა და ახლა უკვე შვილიშვილებიც ჰყავს. მერე უცნაური ფორმის წყლის ჭურჭელს გვაჩვენებს და გვეუბნება, რომ აზერბაიჯანულ ოჯახში თუ გავთხოვდებით, ამ დოქის ზურგზე მოკიდება და წყლის ზიდვა უნდა ვისწავლოთ. მერე დოქს იღებს, ზურგზე იკიდებს და ფოტოკამერების წინ სიამოვნებით პოზირებს.        მამედოვებისგან გამოსულები სოფლის ცენტრისკენ მივდივართ. სახლების ჭიშკრებზე ბანტებს ვამჩნევ, ზოგი სულ მთლად წითელი და ჯერაც მტვერდაუდებელია, ზოგი უკვე ფერდაკარგული და დაძველებული. ბანტები იმ ოჯახებს აქვთ, სადაც ახალი სიძე ან რძალი ჰყავთ, ანუ, სადაც ქორწილი იყო, მიხსნიან ადგილობრივები. მერე გზაში ჯგუფის წევრები მეუბნებიან, რომ ზოგან ვარდისფერი ლენტიც ნახეს და ეს თურმე იმ ოჯახებშია, სადაც გასათხოვარი გოგო ჰყავთ. 
   სოფელში მისულ უცხო სტუმრებს ყველა გაოცებული გვიყურებს. ბავშვები თან დაგვყვებიან და ცნობისმოყვარეობით გვათვალიერებენ. ერთმანეთის ენა არ გვესმის, ხელის მოძრაობით ცდილობენ გაგვაგებინონ, რომ ჩვენთან ფოტოების გადაღება უნდათ. თანასოფლელების დახმარებით ვიგებთ, რომ სკოლაში ქართულს ლიკა მასწავლებელი ასწავლით. ოღონდ თავად იმასაც ვერ გვეუბნებიან ქართულად რა ჰქვიათ.
       სოფელში სამი საჯარო სკოლაა, სამივე აზერბაიჯანულენოვანი. საბავშვო ბაღი არ აქვთ. ადრე იყო და გაუქმდა. არც არის საჭირო, ქალები მაინც არსად მუშაობენ”, - გვეუბნება ხოჯა ადილ ნაბიევი. ქალები არც მუშაობენ და არც საუბარში ერთვებიან. ჟურნალისტებს მხოლოდ მამაკაცები გვესაუბრებიან. ქალებმაშინაც სიტყვაძუნწები არიან, როცა თავად ვცდილობთ მათთან გასაუბრებას. 
ვალიდა ხალილოვა.
     ვალიდა ხალილოვა გამონაკლისია, ერთ შეხედვით იგრძნობა, რომ სოფელში მას ყველა დიდ პატივს სცემს. მიზეზს თავადვე გვიხსნის: ორჯერ ვარ მექაში ნამყოფი. ერთხელ გარდაცვლილი მეუღლის, მეორე კი შვილის გამო. მექასა და სხვა წმინდა ადგილებში მოლოცვა ავტორიტეტსა და სიბრძნეს გმატებს. საერთოდ, მგონია, რომ ვალიდა ხალილოვა ძალიან საინტერესო ადამიანია და მასზე ერთი ცალკე წერილის დაწერაც კი შეიძლება. 
      სოფელში რამდენიმე ადგილას გვხვდება წყარო. იქვე ახლომახლოს წყლის ჭურჭლით დატვირთულ ადგილობრივებს ვხვდებით, უმეტესად ქალებს. კაცებს სხვა საქმე აქვთ”, - გვიხსნიან მოკლედ. სახლებში წყალი არავის აქვს.
     გზა სოფელშიც ამორტიზებულია და წვიმიანი დღეების გამო გუბეებითაა დაფარული. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ წელს ერთი კილომეტრი სიგრძის გზა მოაასფალტეს და მომავალ წელსაც იგივეს გეგმავენ. მისგანვე ვიგებთ, რომ  წელს სოფელზე 65 ათასი ლარია დახარჯული. ოღონდ, სოფელს არაფერი ეტყობა. ძნელია, მიხვდე როგორ საზღვრავენ პრიორიტეტებს, მაგალითად, მომავალ წელსაც ერთი კილომეტრი გზა უნდა გააკეთონ და კულტურის სახლი, რომელიც არავინ იცის რაში სჭირდება სოფელს, სადაც ისეთი გზაა, აუცილებელი რომ არ იყოს მეორედ არ მიხვალ და სადაც ქალებს დღის უმეტესი ნაწილი წყლის ზიდვაში ეხარჯებათ. 

გზავნილი ტალავერიდან

ბუნებრივი გაზი გვინდა, რადგან გაზი რომ იყოს, ტყე გადარჩება; ნორმალური გზა, რომ მყიდველები აქვე მოდიოდნენ; სასმელი წყალი; ქართულის მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ თავად კი არ ისწავლიან ჩვენს ენას, ჩვენც გვასწავლიან ქართულს; ისეთი დეპუტატები პარლამენტში, რომელთაც სახელმწიფო ენა ეცოდინებათ და ჩვენს ინტერესებს დაიცავენ და არამარტო ჩვენი, ზოგადად ქვემო ქართლის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება”, - ასეთია პრობლემების მოგვარების ადგილობრივებისეული ხედვა.

და ბოლოს...

მისიის დასრულების შემდეგ, უკვე თბილისში მომავლები, ვამბობთ, რომ ძალიან ცუდია ჩვენს ქვეყანას ბოლომდე რომ არ ვიცნობთ და რომ არა ვინმეს რაიმე ღონისძიება, თავად სადმე წასვლის სურვილი ნაკლებად გვიჩნდება. მერე ვგეგმავთ, რომ ზაფხულის რამდენიმე დღე ქვემო ქართლის სოფლებში, ვინმეს ოჯახებში ვიცხოვროთ, პრობლემების უფრო უკეთ გასაცნობად. მიუხედავად წვიმისა, სოფელში სტუმრობით კმაყოფილები ვართ და გვგონია, რომ რაღაცით ამ ადამიანების ცხოვრება შევცვალეთ. თუნდაც იმით, რომ მათი პრობლემებით დავინტერესდით, მოვუსმინეთ, დავპირდით, რომ მათ შესახებ სხვებსაც მოვუყვებით და მათთან ერთად დავლიეთ ძველებურ სამოვარში ადუღებული ძალიან გემრიელი ჩაი.

პ.ს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ყოველდღიური, არა, უფრო მეტიც, ალბათ ყოველწუთიერი შეხება მაქვს. მათი ფსიქოლოგიაც დაახლოებით ვიცი, მაგრამ მომეჩვენა, რომ ქვემო ქართლში მცხოვრებლები უფრო ჩაკეტილები არიან, ვიდრე აქ, ჩვენთან, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლები...  

პ.პ.ს. გადასარევია ინტერნეტ სივრცე, იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ დავწერ ამხელა რეპორტაჟს გაზეთისთვის (((  მითუმეტეს, ბევრი ფოტოებით მინდა რომ დაიბეჭდოს... ხოდა, ახლა უნდა დავჯდე და ძალიან მოკლედ ერთ რეპორტაჟში ჩავტიო ყველა პრობლემა... რაც ან გამომივა და ან არა...

 და ესეც, ბევრი ფოტო ერთად)) მუსიკა არ უხდება, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე 




4 comments:

Anonymous said...

მომეწონა, მაგარია როგორც ყოველთვის:)

არავარ ნამყოფი ქვემო ქართლში, მაგრამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ასე მგონია მეც შენთან ერთად ვიყავი ამ ძალიან საინტერესო ადგილას


მანჩო...

თორნიკე თევზაძე said...

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წერილია რეგიონებში არსებული მდგომარეობის უკეთ აღსაქმელად და დასაფიქრებლად!

Keti said...

ძალიან კარგი რეპორტაჟია! ცოცხლად გადმოცემული – მეგონა თქვენთან ერთად ვინახულე ტალავერი.
კარგი საქმეა ასე დეტალურად რეგიონების ცხოვრების აღწერა.

ბაფთების გამოფენის ტრადიციამ გამაღიმა :)

ბურბუშელა said...

ძალიან საინტერესოა და კარგად იკითხება:)