ამბები ქვემო ქართლიდან

შეცვლილი ტოპონომები; განათლების პრობლემები; ფარულად გაყიდული მიწები; ინფორმაციული ვაკუუმი; სოფელი ორი სახელწოდებით; ძველებური თეთრი ავტობუსი რუსული წარწერით;  გუბეებით დაფარული, დანგრეული გზა; ქალები - ზურგზე წყლის კასრებით და მხოლოდ შორიდან მაყურებლის ფუნქციით; „დამუნჯებული“ ბავშვები;  ერთადერთი ქართული წარწერა მხოლოდ სკოლაზე და ისიც შეცდომით; სანახევროდ აშენებული მეჩეთი და ძველებურ სამოვარში მოდუღებული ძალიან გემრიელი ჩაი....  - მოკლედ,  ამბები ქვემო ქართლიდან ... 

დღე პირველი, მარნეული

         ორდღიანი ჟურნალისტური მისია ქვემო ქართლში ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“  ინიციატივით ეწყობა. მიზანი ადგილობრივების პრობლემების ადგილზე გაცნობაა. დაახლოებით ათი ჟურნალისტი ვართ, ყველა სერიოზული მედიასაშუალებიდანაა (თანაც, ჩემს გარდა ყველა ცენტრალურიდან). 
          ქვემო ქართლში პირველად მივდივარ, მაგრამ ამის გამხელის მრცხვენია და ვცდილობ საუბარში ნაკლებად ჩავერთო. მერე ვიგებ, რომ უმრავლესობა ჩემსავით არასოდეს ყოფილა მარნეულში და ვთამამდები. 
           მარნეულში იმაზე ადრე ჩავდივართ, ვიდრე მეგონა. ქალაქის ცენტრში დიდი შადრევანია, ზუსტად ისეთი სხვა ქალაქებშიც რომ მინახავს. ოღონდ ეს შადრევანი რატომღაც დამშრალია. ირგვლივ უამრავი მაღაზიები და უფრო მეტი ტრანსპორტია, ოღონდ მანქანების უმრავლესობა ძველებური მარკისაა. 
              იქვე, გზის მარჯვენა მხარეს ახალაშენებული ეკლესიაა. ფოტოაპარატს ვიღებ და ეზოში შევდივარ. ეზო მწვანედ ბიბინებს, ქვაზე ქალბატონი ზის და ისეთი თვალებით მიყურებს, ცოტა მეშინია. ახლოს მისული მის სახეს ვაკვირდები და ვხვდები, რომ მზერა ჩემი მოკლე შარვლისკენ გამოურბის. მინდა გამოველაპარაკო, მაგრამ მისი რეაქციის მეშინია, სამაგიეროდ თავად იჩენს ინიციატივას. 
-         ეგრე უნდა შეხვიდე ეკლესიაში?“- მეკითხება გაოცებული და ფეხებიდან თავზე გადააქვს მზერა. 
-         მხოლოდ გარედან გადავიღებ ფოტოებს, აქაური არ ვარ და...  - ვცდილობ გავიღიმო, ვეღარ ვბედავ ვკითხო, როდის აშენდა ეს ეკლესია და დანაშაულჩადენილი ადამიანივით  მივიპარები.

 ეკლესიის კართან წარწერას ვპოულობ და ვიგებ, რომ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში ვარ, რომელიც 1999-2000 წლებში აშენებულა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ვინმე ზაზა ლაშხის თაოსნობით.
           პირველი შეხვედრა ორგანიზაცია „ტოლერანსში“ გვაქვს. ეს ორგანიზაცია ალბათ ერთადერთია რეგიონში, რომელიც ადგილობრივების პრობლემების მოგვრებას ცდილობს. 
          90-იან წლებში შეცვლილი 37 სახელწოდება; უგულებელყოფილი ისტორიული ძეგლები და ქვები; მიწების პრივატიზაცია ადგილობრივებისგან დაფარულად; ქართული ენის არაკვალიფიციური მასწავლებელბი; შეცდომები სასკოლო სახელმძღვანელოებში და მეჩეთის უვადოდ შეჩერებული მშენებლობა სოფელ ტალავერში, რომლის ირგვლივაც ბოლო პერიოდია დიდი მითქმა-მოთქმაა - ეს ის პრობლემებია, რაც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აწუხებთ. 
          განსაკუთრებით საინტერესო დღის მეორე ნახევარია. ცოტა ხნით ვივიწყებთ რომ ჟურნალისტები ვართ, პირველ-მეორეზე ვითვლით და ჯგუფებად ვიყოფით. ზუსტად ისე, სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილზე მასწავლებელი რომ გვყოფდა ხოლმე. ოთხი ჯგუფი ვართ, ორი ქართული და ორი აზერბაიჯანული, ოღონდ თითო ჯგუფშიც ორი აზერბაიჯანელი და ორი ქართველი ვართ. ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ რა პრობლემები გვაქვს, რაში ვხედავთ გამოსავალს, რა მითები არსებობს ჩვენს ირგვლივ და აქ იწყება კამათი. არც ისე მარტივია დაივიწყო ვინ ხარ და ადგილობრივი, ჩვეულებრივი აზერბაიჯანელის გადასახედიდან მოყვე რა გაწუხებს. კამათამდე მისული პრეზენტაციების მერე ვხვდები, რომ მთავარი პრობლემა კომუნიკაციის არარსებობა და არაინფორმირებულობაა. 
          ადგილობრივებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ქვემო ქართლში იხურება სკოლები; მხოლოდ აქაა სახელმძღვანელოების პრობლემები; მხოლოდ აქაა ცუდი გზები და მხოლოდ აქ აწუხებთ მიწების არასამართლიანი გადანაწილება. ვცდილობთ ავუხსნათ, რომ იგივე პრობლემებია საქართველოს ყველა მხარეში და მათი არაქართული ეთნიკურობა სულაც არაფერ შუაშია. 
            მერე, უკან წამოსული, კიდევ უფრო მეტად  ვხვდები ჩემი გაზეთის დანიშნულებას. მანქანაში მსხდომებს ვეუბნები, რომ ჩემი რეგიონის მაგალითიდან გამომდინარე, ერთი ორენოვანი გაზეთი ამ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლიდა და ადგილობრივები მიხვდებოდნენ, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინირებულები არ არიან.

პ.ს. შუადღეს ერთ-ერთ კაფეში სადილზე გავედით. სადილობის შემდეგ, კარებში ორი ადამიანი იდგა წყლიანი ბოთლით ხელში. ჩემი ყურადღება მაშინ მიიქციეს, ჩემს წინ მომავალმა „ტოლერანსის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელები რომ გაუშვირა. მივხვდი მეც იგივე უნდა გამეკეთებინა და ინსტიქტურად გავიშვირე ორივე ხელი....მერე მთელი დღის განმავლობაში გამყვა იმ წყლის სურნელი, რომელმაც ცხიმის სუნი სულ მთლად გადაფარა...  ისე მომეწონა, ეს ამბავი ყველას მოვუყევი და მას მერეც სულ ვამბობ, რომ ეს გადასარევი ხერხია ცხიმის, საჭმლის, ლუდისა და ათასი უბედურების სუნი არ გამოგყვეს ჩვენი (ახალციხის) უკონდიციონერო კაფე-რესტორნებიდან გამოსულს...

პ.პ.ს. აქ დაახლოებით ასეთი ტექსტი უნდა: გაგრძელება იქნება  :) 

1 comment:

თორნიკე თევზაძე said...

საინტერესო წერილია ქვემო ქართლიდან!
რეგიონების უმეტესობაში ინფორმაციული ვაკუუმია,რაც ძალიან ცუდია.რეგიონული გაზეთი მართლა დიდ დროლს თამაშობს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობაში.