ძალიან აჩქარებული დრო და რიტმს ჩამორჩენილი ადამიანები

        ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიჩნდება შეგრძნება, რომ დრო სულ უფრო და უფრო სწრაფად გადის, ირგვლივ ყველაფერი ძალიან აჩქარდა და ადამიანების უმრავლესობა ამ აჩქარებულ რიტმს ფეხს ვერ უწყობს.... რომ როგორც კი რაიმე იდეა გაგიჩნდება, მაშინვე თუ არ განახორციელებ, მერე ვეღარ მოასწრებ... რომ არაფერი არ უნდა გადადო ხვალისთვის, რადგან ეს უკვე დაკარგულს ნიშნავს და რომ საერთოდ, სჯობია არცერთი წუთი არ დაკარგო უქმად, მერე სანანებლად რომ არ გაგიხდეს.... 
         ხანდახან ყველაფერი ისე მეჩქარება, რომ მეშინია და მერე ფიქრებს რომ გავყვები კიდევ უფრო მიპყრობს შიში.... ცრუმორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც გამკრავს ხოლმე ფიქრი, რომ იმ ადამიანებმა სულსწრაფები რომ იყვნენ დიდხანს ვერ იცოცხლეს და ცუდია მე ყოველთვის ყველაფერი რომ მეჩქარება....

         ასეთ დროს დედაჩემი მეუბნება, რომ სისულელეა ამაზე ფიქრი,რომ მე ყოველთვის ძალიან სწრაფად ვწყვეტდი რაღაცეებს და ახლა არაფერი შეცვლილა...
       ... სულ ბოლოს ამ თემაზე ამ ზაფხულს სოფელში ვილაპარაკეთ. ბევრი ისეთი ვინმე გავიხსენეთ ვისაც რაღაცეები ძალიან ეჩქარებოდა და ბევრიც ისეთი ცხოვრების რიტმიდან ძალიან რომ ამოვარდა და ახლა სადღაც გაურკვევლობაშია გახლართული. კიდევ ბევრი თემა განვიხილეთ და მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ დედაზე კარგად შენი არასოდეს არავის ესმის და მითუმეტეს როცა ეს დაკარგული დროის თემას ეხება, იმიტომ რომ ის ზუსტად იმ პერიოდში გაიზარდა საკუთარ ``დროებს``  ძალიან უქმად რომ კარგავდნენ.....
      ჩემი აივნიდან ეკლესიის გუმბათი და ჯვარი მოჩანს. ცაზე ყოველთვის ძალიან ბევრი ვარსკვლავია და ჭრიჭინების უცნაური ხმები ისმის, ხოდა ასეთ დროს, არაფერი ჯობია იჯდე ღამით აივანზე დადგმულ ძველებურ რკინის საწოლზე დედასთან ერთად და ათას თემაზე ჭორაობდე...    
      ღამით ეკლესიაც განათებულია და ჯვარიც. ეკლესია მამშვიდებს, მაგრამ ჯვარს რომ ვხედავ უფრო მიპყრობს შიში, ეს ალბათ იმიტომ, რომ იმ ახალგაზრდამ, ვისი ინიციატივითაც  
ჩემი სახლის მოპირდაპირე გორაზე ჯვარი დააბრძანეს, მერე თავი მოიკლა. ამიტომაც როგორც კი ჯვარს დავინახავ, სულ მგონია რომ იქიდან სიკვდილი მიყურებს. მერე უფრო ვგრძნობ რა ძალიან ახლოს ვართ მასთან და რა ძალიან ცუდია ხანდახან მთელი დღეები  ისე რომ გადის, რომ  ჩვენ არაფერს ვაკეთებთ....
         ასეთ ღამეებში კიდევ მგონია ხოლმე რომ ჩვენ ბევრ დღეებსა და ღამეებში კი არა ერთ დიდ დღესა და ღამეში ვცხოვრობთ; ბევრ დროსა და ფულს ვხარჯავთ სისულელეებში და ყველაზე მთავარი ყოველთვის გვავიწყდება... რომ ძალიან ხშირად ბევრი რამ გვეზარება და მერე თავი რომ გავიმართლოთ, პირველ რიგში, საკუთარი სინდისის წინაშე, ათას მიზეზს ვიგონებთ...
       ხოდა სისულელეა ასე ცხოვრება, არაფერი უნდა გადადო ხვალისთვის, იმიტომ რომ დრო მართლაც აჩქარდა და მე სულაც არაფერი მეჩვენება; რომ იმ ადამიანებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია დრო, შენი დახმარების იმედი რომ აქვთ და შენ უბრალოდ უფლება არ გაქვს აჯანჯლებდე რაღაცეებს; რომ უბრალოდ გადადებულს არაფერს აქვს ისეთი ``გემო``, როგორიც უნდა ჰქონდეს წესით და რომ დაკარგულ წლებს, თვეებს, დღეებსა და საათებს ვერასოდეს დაიბრუნებ და რომ საერთოდ დაკარგულს ვერასოდეს ვერაფერს დაიბრუნებ და ამიტომ არ უნდა დაკარგო....
   
  პ.ს. "ცუდი ამბავი ისაა, რომ დრო მიქრის... კარგი: თქვენ თქვენი დროის "პილოტი" ხართ" (მაიკლ ალტფულერი).... - მე მგონია რომ ღირს ამაზე დაფიქრება .... 

5 comments:

ქეთი said...

უფრო და უფრო კარგ რამეებზე იფიქრე :)

ნინო said...

@ქეთი, კარგა რამეებზე რომ ვფიქრობ და ბევრი რამის გაკეთება მინდა და ხანდახან მაინც ვკარგავ დროს, ეს მაბრაზებს...

tatatatuli said...

მეც მაქვს ხოლმე მსგავსი გრძნობა, რომ დროის სვლა ძალიან აჩქარდა. ვცდილობ, არ ჩამოვრჩე, თან აჩქარების შედეგად ვიძაბები... ამ პერიოდში დროის ფუჭად ხარჯვა ნამდვილად დაგვენანება მომავალში. მერე მივხვდებით, რომ ბევრი კარგი საქმის უფრო ადრე გაკეთების შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით და შედეგმაც იმიტომ დაიგვიანა, ან სულ არ გამოჩნდა:)...

გვანცა said...

ნინო ახალციხელი ხარ? იქნებ გიცნობ : )

ნინო said...

@tatatatuli, მართალია ეგ და მაინც რომ ვერ ვსწავლობთ ჭკუას, ცუდია.

@გვანცა, კი, სადგურის მიმდებარედ ვცხოვრობ და გამიხარდა თქვენი ბლოგი რომ ვნახე. მერე დიდხანს ვიფიქრე და დაახლოებით მივხვდი ვინ ხართ , თუმცა მე არ გიცნბთ და მე მგონი თქვენც არ მიცნობთ. :(