საზღვრამდე და საზღვრის შიგნით

საზღვარი, საგუშაგო. 
    ... საზღვრის შიგნით მოლაპარაკების მერე გვიშვებენ, მესაზღვრეები ჩვენს მონაცემებს იწერენ, ვისაც პირადობის მოწმობა გვაქვს იტოვებენ, გვაფრთხილებენ, რომ უკან მალე უნდა დავბრუნდეთ... ვთანხმდებით და  გზას ვაგრძელებთ.
       ოღროჩოღრო აღმართი სულ უფრო ცუდი ხდება და მანქანა გაჭირვებით მიიწევს წინ... ისეთი ჰაერია გინდა ყველაფრით ისუნთქო, ტყის სუნი მთელ სხეულს ედება და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ სადაცაა ცაში აფრინდები... ცა კი ისეთი კამკამაა,  კარგად თუ დააკვირდები, საკუთარ ანარეკლს დაინახავ...

ფრთხილად! - ყოველ წუთში გვაფრთხილებენ ბიჭები და წამში მანქანის ძარაზე ვწევართ, სხვა გამოსავალი არ არის, გზა ვიწროა, ნაძვებისა და ფიჭვების ტოტები კი ისე დაბლაა, თუ არ მოერიდე, დაიკაწრები...
        სულ ცოტაც და შეშის მოსაგროვებლად გამოსულ მორჩილებს ვხედავთ, მერე ძაღლის ყეფა ისმის და უკვე მონასტრის ეზოში ვართ... 
  მანამდე კი....
       ყველაფერი  სპონტანურად ხდება, დაახლოებით ათნი ვართ, ბავშვობის მეგობრები, რვა წელია სკოლა დავამთავრეთ და ალბათ ეს პირველი ზაფხულია ყველანი ერთად რომ ვართ, ამიტომაც, შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ გვინდა, სოფლის მაღაზიიდან სახელდახელოდ ვყიდულობთ რაღაცეებს და ღია მანქანაზე ვაწყობთ....  ღია, ანუ სატვირთო მანქანაზე იმიტომ, რომ იქ სადაც მივდივართ ყველა სახის ტრანსპორტი ვერ მიდის....   
 ეკლესია საზღვრის შიგნით, სადაც ახლა მამათა
  მონასტერია.
 
     ბუზმარეთი, ასე ქვია ადგილს სოფელ უდიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სადაც ორი პატარა ეკლესიაა. ოღონდ აქ საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაა და ერთი ეკლესია, სადაც ახლა მამათა მონასტერია საზღვრის შიგნითაა.  იქამდე კი, საზღვრის გარეთ მეორე ეკლესიაა, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა და ამიტომ 28 აგვისტოს, მარიამობას, მთელი სოფელი და არა მარტო ჩემი სოფელი, ამ ადგილას იკრიბება...
ეს ერთადერთი დღეა წელიწადში, როცა საზღვრის დიდი რკინის კარი ბოლომდე იღება და შიგნით მდებარე მამათა მონასტერში შესვლა ნებისმიერს შეუძლია, თანაც ყოველგვარი შემოწმებისა და პირადობის მოწმობის გარეშე....
     მომლოცველების ნაწილი ბუზმარეთამდე ფეხით, ნაწილი ფეხშიშველიც ამოდის, ამბობენ, რომ ეკლესია სასწაულმოქმედია და ამხელა მანძილსაც ისე გამოდიან, რომ დაღლას ვერ გრძნობენ....ეს ალბათ ერთადერთი დღეა ჩემს სოფელში, როცა ძალიან ბევრი ცხვარი, მამალი და ქათამი იკვლება... ოღონდ ეს აგვისტოს ბოლოს, სხვა დღეებში კი ირგვლივ მხოლოდ მესაზღვრეები და მორჩილები არიან...
        საზღვრის გარეთ მდებარე ეკლესია წლებია არსებობს, საზღვრის შიგნით მდებარე კი 2006-2007 წლებში აღადგინეს. რომელი საუკუნისაა არ მახსოვს და მე მგონი არცაა ცნობილი. ოდესღაც აქ მხოლოდ  ნანგრევი იყო, ახლა ეზოში საცხოვრებელი კელიები, თივის ზვინები და ფუტკრის სკებია. ორი წელია ამ ტერიტორიაზე მამათა მონასტერი მოეწყო...

გოგოები შარვლებზე კაბებს ვიცვამთ და მონასტერში შევდივართ.... შარშანდელისგან განსხვავებით წელს ეკლესია მოხატული მხვდება, ფოტოების გადაღების ნებართვას გვაძლევენ, მაგრამ ბევრის გადაღებას ვერ ვბედავ... სერთოდ, ნებისმიერ მონასტერთან მიახლოებისას რაღაცნაირი განცდა მეუფლება, შიშის, მოკრძალების, იდუმალების და სულ მგონია, რომ ამ დროს სხვა ადამიანი ვხდები... ოღონდ ვერაოდეს ვერ ვამბობ ბოლომდე იმას, რისი თქმაც მინდა და მერე, როცა მოვდივარ მუდამ უკმარისობის განცდა მომყვება...   
     ჩამოსვლა უფრო გვიადვილდება, ვიდრე ასვლა, მანქანა უპრობლემოდ მოქრის დაღმართზე, მძღოლის ზედმეტად შეწუხება არ გვინდა და მოძრაობაში ვიღებთ მთებზე შეფენილ თურქულ სოფლებს, ცხადია, უმრავლესობა არ გამოდის...  თავს ვიმშვიდებთ, რომ შთაბეჭდილების შესაქმნელად მაინც კარგია...
       მესაზღვრეები, კმაყოფილები იმით, რომ დიდხანს არ გავჩერდით, პირადობებს გვიბრუნებენ, მერე კარებამდე გვაცილებენ და როგორც კი საზღვარს ვტოვებთ,  რკინის დიდ ჭიშკარს საგულდაგულოდ კეტავენ...
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია საზღვრის გარეთ. 
      შემდეგი გაჩერება საზღვრის გარეთ მდებარე ეკლესიაა...თეთრი ხის კარი ურდულითაა დაკეტილი, ეს ეკლესიაც მოხატულია...  ეკლესიაში  უამრავი დიდი და პატარა ხატი და ჯვარია... ჩემი მეგობარი საკურთხევლის მხარეს კათოლიკურ ხატებს მაჩვენებს და მიხსნის, რომ ეს იმიტომაა, რომ მარიამობას აქ კათოლიკეებიც მოდიან და მართლმადიდებლებიც...
        მახსენდება დაპირისპირებები სოფელში ეკლესიების გამო და მიხარია ყველაფერი ასე რომ მოგვარდა.... კათოლიკეების უმრავლესობა მხოლოდ მოხუცები არიან, ოდესღაც კათოლიკობის მიღებით მათ სოფელი გადაარჩინეს და ამიტომ ძნელია ახლა რაღაცეები დაავალდებულო.... მე მგონია, რომ ყველაფერი მათი სურვილით უნდა მოხდეს და ამას დრო სჭირდება...


აქ კათოლიკური ხატებიცაა და მართლმადიდებლურიც.
     ეკლესიასთან ფერადი ნაჭრებითა და პარკებით აჭრელებული ხეა, აქამდე არასოდეს შემინიშნავს, ალბათ არ იყო, ვამბობ ცოტა გაღიზიანებული, არ მიყვარს პარკებშემოხვეული, დამახინჯებული და დანაგვიანებული ხეები და ვბრაზდები... ბავშვები ამბობენ, რომ ამ ადგილების ისე სჯერა ხალხს, რომ ძნელია მათ რამე აუკრძალო.
     ნატვრის ხე და სასწაულმოქმედი ეკლესია ერთად....
ვოცდები.... უცნაურია ადამიანის ბუნება...
 

 ...
 მზე ღრუბლებს ეფარება, სხივები ``ნატვრის ხეში`` იბლანდება და ეკლესიის კართან ირიბულად ეცემა....


 საღამოვდება.... მანქანაზე ავდივართ, იმ ტერიტორიებს საბოლოო ფოტოს ვუღებთ და საპიკნიკე ადგილის მოსაძებნად მივდივართ.
მარჯვნივ, კედელთან გარდაცვლილი
მეომრის სურათის ადგილი და სანთლების ასანთებია. 
    ადგილი ახლოსაა, ტბა და ფაცხა, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული თანასოფლელი ახალგაზრდის სახელობისაა. ესეც ახალი აღმოჩენაა ამ დღის და ცოტა დამთრგუნველი. პირველი იმიტომ, რომ წლების წინ ამ ტბაში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო და მისი გვამი რომ ეპოვათ, ტბიდან წყალი გაუშვეს, მას მერე მე სულ მეგონა, რომ ტბა დაშრა...  მეორეც, ყველაფერი მსმენია, მაგრამ დაღუპულის სახელობის საქეიფო ადგილი არა, ამბობენ, რომ აქ მისი სურათიც იყო. კედელთან ახლოს მივდივარ და უამრავ სანთლის ნამწვს ვპოულობ, შიში მიპყრობს.... კიდევ კარგი სურათი აღარაა ვფიქრობ და ამის გახმოვანებისაც მეშინია....  
       8 აგვისტოა, ომზე ლაპარაკი არავის გვინდა, მაგრამ გვერდს ვერ ვუვლით, მითუმეტს, რომ ადგილიც ისეთია, გამახსენებელი...  მერე ბიჭები ყვებიან, როგორ იკრიბებოდა აგვისტოს დღეებში ხალხი სკოლის ეზოში, როგორ ეშინოდათ და როგორ ამბობდნენ, რომ ერთი ძმაკაციც რომ წაეყვანათ, მასთან ერთად ყველანი წავიდოდნენ...
        ღამდება, მეშინია,  ვცდილობ საუბრის თემა  შევცვალო და ვამბობ, რომ ჩვენ ყველაზე კარგი სოფელი გვაქვს, ყველაზე ბევრი სალოცავით.... რომ ეს ალბათ ერთადერთი სოფელია, სადაც დიდი ციხისა და რამდენიმე ეკლესიის გარდა, დედათა და მამათა მონასტრებია... რომ ცუდია ომზე ლაპარაკი, მითუმეტეს, როცა სათქმელი არაფერი გაქვს.... რომ საერთოდ, არ ღირს იმის გახსენება, რაც ტკივილს გაყენებს... რომ არც ისაა კარგი, საკუთარ თავს გამუდმებით ახსენებდე, რამდენი პრობლემა გამოიარა შენმა თაობამ და სართოდ, როცა უკან სახარბიელო არაფერი გაქვს, სჯობია მხოლოდ წინ იხედებოდე.... მერე ისევ ეკლესიების თემას ვუბრუნდებით, ვგეგმავთ, რომ 28 აგვისტოსაც წამოვიდეთ, მობილურების განათების დახმარებით იქაურობას საგულდაგულოდ ვალაგებთ, კარს ვკეტავთ და ოღროჩოღრო და ხრამიანი გზებით უკან ვბრუნდებით.... 

4 comments:

Anonymous said...

კარგი იყო... მეგონა მეც იქ, თქვენთან ვიყავი... :)

ნან said...

ჰუჰ, ფილტვები მეტკინა ისე სუფთა ჰაერი იყო! რა ძალიან ლამაზები არიან ადამიანები ლოცვისას, როცა გულწრფელად ლოცულობენ რასაკვირველია. ძალიან, ძალიან მომეწონა!

ნინო said...

@ანონიმუსო, მადლობა კომენტარისთვის:) იქ გაცილებით კარგი იყო, ოღონდ რაღაც ვერ დავწერე ისე, როგორც საჭირო იყო)

@ნან, მართლა გეტკინება ფილტვები ისეთი ჰაერია იქ და საერთოდ, ასეთი ადგილებიდან რომ ვბრუნდები, მერე სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან დავკარგეთ ადამიანებმა რაღაცეების დაფასების უნარი და უაზრო წვრილმანებით ვიტვირთებით.

ხოდა კიდევ, მე სულ მინდა ხოლმე ეკლესიაში ეგეთი გულწრფელად მლოცველი ადამიანების გადაღება, ისეთი სხვანაირები არიან ასეთ დროს, მაგრამ ცხადია ვერ ვიღებ.

Unknown said...

ძალიან მაგარია.მეც მინდა ვიხილო ეს ლამაზი ადგილები.