ხანდახან ...

ხანდახან ადამიანებს გვგონია, რომ ყველა უბედურებამ ჩვენთვის მოიცალა, ყველაფერი ერთდროულად ცუდად აეწყო და საერთოდ, საშინელი, აუტანელი და ბოროტია ყველა და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ;

რომ ჩვენ ყველაზე ცუდ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება; რომ ჩვენი ქალაქი ყველაზე მოსაწყენი და ჩვენი სახლი ყველაზე არაკომფორტულია;

რომ სამსახურში ყველაფერი ამოვწურეთ და ახლის გაკეთება აღარ შეგვიძლია; რომ ჩვენს შრომას მაინც არავინ აფასებს; რომ ვერავინ ხვდება რა სარგებლობა მოგვაქვს მათთვის და რომ ზედმეტი ვალდებულებები დავიკისრეთ; რომ ირგვლივ საშინელი ერთფეროვნებაა და
ჩვენ მსოფლიოში ყველაზე უინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობთ... რომ სამყარო უმადური ადამიანებითაა სავსე და ჩვენი არავის ესმის...

და რომ ყველაზე კარგია იქ, სადღაც, შორს, სადაც ჩვენ არ ვართ და „იქ“, რომ ვიყოთ და „იმ“ დროს გვეცხოვრა ან ვცხოვრობდეთ, ძალიან მაგარ რაღაცეებს გავაკეთებდით; ბოლომდე დავიხარჯებოდით ; მეტად განვვითარდებოდით და არასოდეს არაფერზე დავიწუწუნებდით...  


მერე ორი გზაა.... ან სრული დეპრესია იწყება ან, უკეთეს შემთხვევაში ერთ დღეს ვდგებით, ხელს მოხვედრილ პირველივე სამგზავრო ჩანთაში ყველაზე არასაჭირო ნივთებს ვყრით, „იქნებ დამჭირდეს“ ლოგიკით და მივდივართ... მივდივართ იქ, სადაც ჩვენი ფიქრებით ყველაზე კარგია... ოღონდ ამ დროს არცერთხელ არ გვახსენდება, რომ ოდითაგანვე, ყოველთვის და მუდამ ასე იყო და ადამიანებს მუდამ ეგონათ, რომ ყველგან კარგია, სადაც ისინი არ არიან...  

ასეთ დროს გვგონია, არა კი არ გვგონია, დარწმუნებული ვართ, რომ  რამდენიმე დღეში ყველაფერი გაივლის; ირგვლივ ყველაფერი ფერადი გახდება და სამყარო ჩვენს გარშემო დაიწყებს ბრუნვას....

...მსგავს შემთხვევებში რაღაცეები ალბათ მართლაც იცვლება, ოღონდ ძალიან ცოტა რაღაცეები და მერე, ცოტა დრო რომ გადის, ვხვდებით რომ  ჩვენთვის ზუსტად იქ იყო კაი სადაც იყავი; რომ დახურულ კარს დიდხანს არ უნდა მიაჩერდე, იმიტომ რომ სხვა, ახალგაღებულს ვერ ამჩნევ;

რომ ხანდახან რაღაცეები იმიტომ ხდება, რომ ზუსტად ეგრეა საჭირო და ეგრე რომ არ მომხდარიყო, ცოტა გვიან უფრო ცუდი რამ მოხდებოდა; რომ არასოდეს არ მთავრდება არაფერი, თუ ჩვენ არ დავამთავრეთ და არც ბოლომდე  დავხარჯულვართ; რომ კიდევ ბევრი სასარგებლო რამის გაკეთება შეგვიძლია და უსინდისობაა, ახლა ადგე, ქუდი დაიხურო და თქვა ნახვამდის!

რომ არ გაერთფეროვანდება ცხოვრება, თუ ჩვენ არ მივეცით ამის საშუალება;  რომ ირგვლივ გარემო კარგი ადამიანებითაა სავსე, უბრალოდ მათი შემჩნევის უნარი დავკარგეთ და საერთოდ, ზუსტად იმიტომ ვცხოვრობთ აქ და ახლა რომ ასე ყველაზე უკეთესია ჩვენთვის და უბრალოდ, რაღაცეებისა და ვიღაცეების დაფასების უნარი დავკარგეთ....

....ეს ყველაფერი უნდა დაინახო და ალბათ ამიტომაც ღირს ჩაყარო შენს ზურგჩანთაში თუნდაც უსარგებლო ათასი წვრილმანი და სულ ცოტა ხნით სადღაც წახვიდე... მერე აუცილებლად მოგინდება დაბრუნება და იმ გზის გაგრძელებაც, რომელსაც გამოექეცი....

... ასეთ დროს კიდევ იმას ხვდები, რომ ძალიან ცუდია სიყვარულების გამოხატვის უნარი რომ არ გაქვს....

.... ჩემი სახლი მომენატრა, ჩემები მომენატრნენ, ჩემი სოფელი მომენატრა და  ერთი სული მაქვს როდის ჩავწვები დიდი თუთის ძირში დაკიდებულ ჩემს ძველ ჰამაკში რამე ძალიან საინტერესოს წასაკითხად....

6 comments:

nastasia said...

ხოო, მარტივი ამბავია, სადაც არ უნდა წახვიდე, შენი თავიც ყველგან მოგყვება, ამიტომ არის გაქცევა - თავის მოტყუება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა წახვიდე, პირიქით, უფრო შორსაც უნდა წახვიდე და უფრო დიდი ხნითაც და მერე ნახე, კიდევ რამდენ რამეს აღმოაჩენ...

პ.ს.
ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდი, ყავა მაინც დაგველია თქო, ხოოდა, ორი თვე გავიდა და მაინც არ დაგვილევია.ტაკს.

ნ ე ლ said...

....ეს ყველაფერი უნდა დაინახო და ალბათ ამიტომაც ღირს ჩაყარო შენს ზურგჩანთაში თუნდაც უსარგებლო ათასი წვრილმანი და სულ ცოტა ხნით სადღაც წახვიდე... მერე აუცილებლად მოგინდება დაბრუნება და იმ გზის გაგრძელებაც, რომელსაც გამოექეცი....

ნინო said...

@ნასტასია, არაუშავს, მე შეჩვევა ვიცი, ყველაზე და ყველაფერზე, ხოდა რასაც ვეჩვევი უიმისოდ დიდი ხანი ვერ ვძლებ ხოლმე. გვექნება მაგის დროც. :*

@ნელ, ხო, ეგრეა, დავრწმუნდი.

ნატა said...

რაღაც მოწყენილი მეჩვენება ეს პოსტი და არ მომწონს ეს ამბავი :)) არადა სულ 3-4 დღეღა დარჩა, მერე წახვალ და ჩაწვები იმ ჰამაკში, რომელიც სულ იქ იქნება, ეს 2 თვე კი მალე გავიდა

ნინო said...

@ნატ ხო, რაღაც მოწყენილია მართლაც(( და კიდევ ისიც მართალია რომ მალე გავიდა ეს ორი თვე და ცუდია რომ სულ ვშორდებით, აი რაღაც დროით რომ ვშორდებოდეთ და მერე გრძელდებოდეს, უფრო კაი იქნება, მაგრამ გნახავთ ხოლმე, იმიტომ რომ შეგეჩვიეთ ძალიან.

ის ჰამაკი სულ ორი კვირა იქნება, იმიტომ რომ მერე შვებულება დამთავრდება... ((

და საერთოდ, ეს ორი თვე ბევრი რამით იყო კარგი და ერთ-ერთი ისაა, რომ ძალიან ბევრი რაღაცეები გადავაფასე...

Keti said...

ოდესმე ყველა ვდგებით დახურულ კართან
ხან – ხშირადაც
და როგორ საჭიროა ამ დროს, სადმე წასვლა. ეს "სადმე" შემაღლებული ადგილია ხოლმე, საიდანაც ხელისგულისვით ჩანს ის, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც გვეჩვენება