სასტუმრო ქალაქის დასაწყისშივეა, მთავარი ტრასიდან მარჯვენა მხარეს. რამდენიმესართულიანი, დიდი თეთრი შენობის ფანჯრები ერთი მხრიდან ქალაქს, მეორე მხრიდან კი ზღვას გადაჰყურებს. თურქეთის დროით დილის 11 საათია, ბარგს იქვე ვინახავთ და ვიდრე ნომრები გათავისუფლდება სასადილო ოთახში ჩავდივართ...
სასადილო ოთახში დიდი, ყავისფერი მაგიდები და სკამები დგას. იატაკიდანვე დაწყებული დიდი ფანჯრებიდან ხედი ზღვაზე იშლება, დაღლილ მზერას სასტუმროს ეზოში არსებული აუზი, ღია კაფე, ფრენბურთის სათამაშო მოედანი და პლაჟი ხვდება... სასდილოს კუთხეში სამოვარს ორთქლი ასდის, მთელი ღამის ნამგზავრებზე გარემო და თურქული ჩაი დამამშვიდებლად მოქმედებს...
... 2011 წლის 31 ივლისი, ქალაქი ტრაბზონი... კავკასიელ ავტორთა კურსის ფარგლებში ეს ჯგუფის მეორე სამუშაო გასვლაა. დანიშნულების ადგილას პირველები ამჯერადაც ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩავდივართ. აფხაზი და ოსი მეგობრები საღამოს შემოგვიერთდებიან.