ქვემო ქართლი , ნაწილი II

ტალავერი, ხედი მინარეთიდან .
          
       ქვემო ქართლში ვიზიტის მეორე დღე გაცილებით უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა, ვიდრე პირველი.
          მეორე დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერს ვესტუმრეთ, რომელიც საქართველოს დიდი სოფლების სიაში შედის და იქ დაწყებული მეჩეთის მშენებლობის გამო, ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში.




გზა სოფლამდე
      ტალავერში მარნეულის გავლით მივდივართ. მარნეულამდე გზა ასფალტირებულია. მერე, რაც უფრო წინ მივიწევთ, ასფალტს ჯერ ადგილ-ადგილ გაჩენილი ორმოები, შემდეგ ხრეში და სულ ბოლოს დიდი, წყლით სავსე გუბეები ცვლის.
            თითქმის მთელ გზაზე გვხვდება მინდორს შეფენილი ცხვრის ახლადგაკრეჭილი ფარა. გზის ორივე მხარეს მიწის ნაკვეთებია, ზოგი სულ მთლად გაშავებული - ახალდამუშავებული, ზოგიც მოუვლელი.
           გზა ტალავერამდე ბოლნისის სოფლებზე გადის. გზის პირას ჩარიგებული სახლებს ორ კატეგორიად ვყოფ, ძალიან კარგები და ძალიან ცუდები და ჩემს აზრს მანქანაში მსხდომ ბიჭებს ვუზიარებ. ეცინებათ და ამბობენ, რომ ზოგადად სოფლებში ასეა, ან კარგად ცხოვრობენ, ან ცუდად.

ამბები ქვემო ქართლიდან

შეცვლილი ტოპონომები; განათლების პრობლემები; ფარულად გაყიდული მიწები; ინფორმაციული ვაკუუმი; სოფელი ორი სახელწოდებით; ძველებური თეთრი ავტობუსი რუსული წარწერით;  გუბეებით დაფარული, დანგრეული გზა; ქალები - ზურგზე წყლის კასრებით და მხოლოდ შორიდან მაყურებლის ფუნქციით; „დამუნჯებული“ ბავშვები;  ერთადერთი ქართული წარწერა მხოლოდ სკოლაზე და ისიც შეცდომით; სანახევროდ აშენებული მეჩეთი და ძველებურ სამოვარში მოდუღებული ძალიან გემრიელი ჩაი....  - მოკლედ,  ამბები ქვემო ქართლიდან ... 

დღე პირველი, მარნეული

         ორდღიანი ჟურნალისტური მისია ქვემო ქართლში ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“  ინიციატივით ეწყობა. მიზანი ადგილობრივების პრობლემების ადგილზე გაცნობაა. დაახლოებით ათი ჟურნალისტი ვართ, ყველა სერიოზული მედიასაშუალებიდანაა (თანაც, ჩემს გარდა ყველა ცენტრალურიდან). 
          ქვემო ქართლში პირველად მივდივარ, მაგრამ ამის გამხელის მრცხვენია და ვცდილობ საუბარში ნაკლებად ჩავერთო. მერე ვიგებ, რომ უმრავლესობა ჩემსავით არასოდეს ყოფილა მარნეულში და ვთამამდები. 

წვიმის ქალაქი და ქრონიკული სიარულები

  ბოლო დღეებია ვფიქრობ, რომ ადამიანის ცხოვრებაში რაღაც დროის მერე რაღაც ეტაპები ქრონიკულად ერთნაირი თანამიმდევრობით მეორდება. უბრალოდ, მთავარი გმირები იცვლებიან და ისინი ხან კარგები არიან, ხან კიდევ უფრო კარგები და ხანაც ცუდები.... 
      ასეთ დროს სულ მგონია რომ წრეზე დავდივარ და მერე რაღაც ადგილებს, რომ გავივლი ერთი, ორი, ან სამი წლის წინ გავლილი იგივე ადგილი მახსენდება.
     მერე ვხვდები, რომ ადგილებიც ისევ ისეთია და შეგრძნებებიც და მგონია, რომ ბევრი წლებიც რომ გავიდეს ის ადგილები ისევ ისეთ შეგრძნებებს დამიტოვებს და იქ რამე შეცვლილიც, რომ დამხვდეს, ვიფიქრებ, რომ მეჩვენება....

ნაცრისფერი განწყობა

    ნაცრისფერი დღე, ნაცრისფერი პეიზაჟი ჩემი ფანჯრიდან, ნაცრისფერი საბავშვო ბაღი ჩემი სამსახურის წინ, ნაცრისფერი მე და ნაცრისფერი ჟაკეტი, რომელიც დღეს ვიყიდე... ყველაფერი ნაცრისფერია.... ხოდა, რაღა გასაკვირია, მთელი დღეა წუწუნის ხასიათზე რომ ვარ ....


..  ზუსტად ისეთი ამინდები დაიწყო მე რომ საშინლად მინდა ჩიტი ვიყო და  თბილ ქვეყანაში მივფრინავდე, ან დათვი ვიყო და ხანგრძლივი ძილისთვის ვემზადებოდე... 


 მაგრამ ცუდი ისაა, რომ არც ერთი ვარ და არც მეორე.... 
 და კიდევ,  ვერაფრით ვეგუები შემოდგომის ჭირვეულობებს, ისე ვიცვამ ფანჯარაში არ ვიხედები, მერე მთელი დღე გაყინულს არაფრის გაკეთების უნარი არ მაქვს და ‘’ჩემს გარემოს’’ დავეძებ...  ჩემი  გარემო კიდევ არსად არაა, იმიტომ რომ რეალურად მხოლოდ ჩემ წარმოსახვაში არსებობს და არასდროს არსად ყოფილა...