დეპორტირებული მესხების ახალი ორგანიზაცია


უახლოეს მომავალში მაჰმადიანი მესხების ორგანიზაცია “ხსნა” ახალციხეში ცენტრალურ შტაბს გახსნის.

ორგანიზაციას ისა აშრაფოვი (ირაკლი თავაძე) უხელმძღვანელებს, რომელიც უახლოეს მომავალში ოჯახთან ერთად დედაქალაქიდან ახალციხეში გადმოვა საცხოვრებლად. მისი მოადგილე კი ახალციხეში 90-იანი წლებიდან მცხოვრები მამუკა ხუციშვილი იქნება.

“ახალციხეში იქნება ორგანიზაცია “ხსნის” ცენტრალური შტაბი, დეპორტირებული მესხების და არავითარი თურქი-მესხების, - გვიხსნის ისა აშრაფოვი და ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე ხაზგასმით გვთხოვს, დეპორტირებულები თურქ-მესხებად არ მოვიხსენიოთ, - ზოგჯერ თურქ-მესხებს გვეძახიან, ეს ძალიან საწყენია. ჩემი თხოვნაა, არ დაგვიძახოთ თურქი-მესხები, ჩვენ მესხები, ქართველები ვართ და არა თურქები”.

ისა აშრაფოვი ამბობს, რომ “ხსნა” საწევრო შენატანებით ფინანსდება. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს მესხების სამშობლოში დაბრუნებას და ქართველ ხალხთან ადაპტაცია-ინტეგრაციას.

ისა აშრაფოვი 12 წლის იყო, როცა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ სამყურიდან ოჯახთან ერთად უზბეკეთში, ფერგანის ოლქის ქალაქ კუვასაიში გადაასახლეს. საქართველოში 1991 წელს დაბრუნდა. სამი წელია, რაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამბობს, რომ მოქალაქეობის მიღებისას სირთულეები არ შექმნია, მაშინ უკვე სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში ყველას კარგად იცნობდა.

საუბარი რუსულ ენაზე მიმდინარეობს. 78 წლის ისა აშრაფოვმა ქართული ენა კარგად არ იცის: “სამწუხაროა, რომ ასეა. მაგრამ აუცილებლად ვისწავლით”, - ამბობს და ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელს ცირა მესხიშვილს ჰპირდება, რომ მათთან არსებულ ქართული ენის სპეციალურ კურსებზე აუცილებლად ივლის.

ქალაქში უკვე არსებულ მაჰმადიანი მესხების ორგანიზაცია “ვათანზე” საუბრისგან თავს იკავებს: “ვათანის” საქმიანობაში არ ვერევი, საქმე გამოაჩენს ყველაფერს. სახელმწიფო საქმის კურსშია და ის სწორად განსაზღვრავს, როგორ მოიქცეს. ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, გვექნება კონტაქტები მეგობრებთან, ხელისუფლებასთან. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მესხეთში უნდა დავბრუნდეთ, ჩვენი სამშობლო საქართველოა, მისი ყოველი კუთხე”.

კითხვაზე, რატომ იხსნება ცენტრალური შტაბი ახალციხეში, გვპასუხობს: “ეს ხალხის მოთხოვნაა, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები დეპორტირებულების. მათ უნდათ იცოდნენ, ვის მიმართონ, როცა დაბრუნდებიან”.

ისა აშრაფოვი ამბობს, რომ “ვათანისგან” განსხვავებით ისინი ქართულ ცნობიერებას ქრისრტიანობასთან არ აიგივებენ: “ჩვენ სხვა ორგანიზაციების მსგავსად არ ვავრცელებთ ხმებს, რომ ქართველებს უნდათ ქრისტიანები გახდეთ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, შეინარჩუნოს სარწმუნოება. მაგრამ, მე გარკვევით ვუთხარი დეპორტირებულებს, როცა მათ სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდებოდი: “სარწმუნოება შეიძლება შეიცვლო, მაგრამ ეროვნებას ვერ შეიცვლი. ჩვენ ვიყავით და დავრჩებით ქართველებად”.

მისი თქმით, დაბრუნების მსურველმა მესხებმა განაცხადები სტატუსის მისაღებად უკვე შეავსეს: “ჩემი ხალხი, ვინც ვთქვათ “ხსნის” წევრია, აპირებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას”.

შენობაში, სადაც ახალი ორგანიზაცია იხსნება ამჟამად სარემონტო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პრეზენტაცია სავარაუდოდ თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.


ისტორიული ექსკურსი

1944 წელს, ლავრენტი ბერიას წინადადებით, რამდენიმე დღეში სამხრეთ საქართველოდან შუა აზიაში დაახლოებით 90 ათასი მესხი გადაასახლეს. მიზეზად მესხების თურქებთან ნათესაობა, ჯაშუშური საქმიანობა და ბანდიტური დაჯგუფებების ჩამოყალიბება დასახელდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ მესხებს საბჭოთა კავშირის ნებისმიერ რესპუბლიკაში დასახლების უფლება მიეცათ, გარდა საქართველოსი.

1957 წლიდან დაიწყო დეპორტირებული მესხი მოსახლეობის მოძრაობა ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში დაბრუნებისთვის. ორგანიზაციას, რომელიც ამ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, “ხსნა” უწოდეს. მესხები სხვადასხვა მუსულმანურ თურქულენოვან ქვეყნებში გადაასახლეს. დეპორტირებულ მოსახლეობაში წარმოიშვა ორი განსხვავებული ორიენტაციის მიმართულება საზოგადოებები “ხსნა” და “ვათანი”.

ორგანიზაცია “ხსნა”

ხალილ გოზალიშვილის სახელობის მესხების საერთაშორისო ასოციაცია “ხსნა” და დეპორტირებული მესხების კავშირი “ხსნა” 2006 წლის ივლისში გაერთიანდა. მაშინ პირველ ორგანიზაციას სანდრო ხოზრევანიძე ხელმძღვანელობდა, მეორე კი ისა აშრაფოვ-თავაძე. მალევე გაერთიანებული ორგანიზაციის ოფისმა თბილისში დაიწყო ფუნქციონირება.

“გვინდა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა მესხების პროქართულად ორიენტირებული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით”, - განაცხადეს მაშინ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა.

დეპორტირებული მესხების სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება საქართველომ 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აიღო.

No comments: